სახელმწიფო ვერ დგამს ეფექტიან ნაბიჯებს ხანდაზმულ პირთა ყოფის გასაუმჯობესებლად - ომბუდსმენი

საქართველო, თბილისი - 13:49 | 01.04.2019
ნანახია: 801

სისტემურ პრობლემებს შორის კვლავ აქტუალურია ხანდაზმულთა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია, მათ მიმართ ძალადობა, მათ შორის, ოჯახში ძალადობა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობები, სიღარიბისა და უსახლკარობის საფრთხე, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში.

„სახალხო დამცველი ყოველწლიურად საუბრობს ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და შესაბამის სახელმწიფო უწყებებსაც არაერთი რეკომენდაციით მიმართავს. თუმცა, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო ვერ დგამს ეფექტიან ნაბიჯებს ხანდაზმულ პირთა ყოფის გასაუმჯობესებლად. სისტემურ პრობლემებს შორის კვლავ აქტუალურია ხანდაზმულთა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია, მათ მიმართ ძალადობა, მათ შორის, ოჯახში ძალადობა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობები, სიღარიბისა და უსახლკარობის საფრთხე, ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის პრობლემა, ხანდაზმულებზე ზრუნვის ყოვლისმომცველი გრძელვადიანი სტრატეგიის არარსებობა, სოციალური მომსახურების არაეფექტიანობა, არასაკმარისი მიზნობრივი პროგრამები, ადგილობრივ დონეზე ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით გატარებული ღონისძიებების ნაკლებობა და სხვ“, - წერია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ საანგარიშო არ შესრულდა ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით გაცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციები - არ შემუშავებულა ხანდაზმულ პირთა ინტერესებზე ორიენტირებული მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის, შინ მოვლის პროგრამა, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. 

„ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავების მხრივ, დადებითი ტენდენციები არც საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეინიშნება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივები, ამ მიმართულებით, კვლავ წინასწარ საჭიროებათა კვლევის გარეშე ხორციელდება, უმეტესად ერთჯერადი დახმარებებით შემოიფარგლება და პრევენციულ მიზნებს არ ემსახურება. გენდერული თანასწორობა“, - წერია ანგარიშში.

სახალხო დამცველის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიში მოიცავს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ზოგად შეფასებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს. რეკომენდაციების მიზანია გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა კონკრეტულ სფეროში და მიმართულია პრაქტიკასა თუ კანონმდებლობაში არსებული დარღვევებისა და ხარვეზების აღმოფხვრისაკენ. სახალხო დამცველის საანგარიშო პერიოდი ძირითადად მოიცავს 2018 წელს, მაგრამ მასში ასევე გაანალიზებულია ის პრობლემები, რომლებიც მანამდე არსებულ პერიოდში წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე