კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საინფორმაციო დაფების განთავსება სავალდებულო გახდება

საქართველო, თბილისი - 13:32 | 01.04.2019
ნანახია: 859

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე საინფორმაციო დაფების განთავსება სავალდებულო გახდება, - საკანონმდებლო ინიციატივაზე პარლამენტში უკვე მუშაობენ.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ბეგაძემ ბათუმში გამართულ ტურიზმის ფესტივალ „ტურისტერზე“ სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რომ როდესაც ტურიზმის განვითარებაზეა მსჯელობა მნიშვნელოვანია ტურისტი იღებდეს სრულფასოვან ინფორმაციას.

„საინფორმაციო დაფებზე წარწერა რამდენიმე ენაზე იქნება და ტურისტი მიიღებს ძეგლის შესახებ მინიმალურ ინფორმაციას, ამავდროულად იგეგმება ბარკოდების დატანება, რომელიც ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს მობილური ტელეფონის აპლიკაციით მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ“, - განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად სპეციალური საინფორმაციო დაფების განთავსების ერთიანი სტანდარტი შემუშავდება.

კანონპროექტის ინიცირება უახლოეს მომავალში საგაზაფხულო სესიაზე მოხდება.

კანონპროექტის მნიშვნელობაზე გიორგი ბეგაძემ ფესტივალ „ტურისტერის“ ფარგლებში ერთ-ერთ პანელზეც ისაუბრა.

ფესტივალი 31 მარტს ბათუმში „ტურიზმის ინსტიტუტისა“ და მარკეტინგული კომპანია „შინდის“ ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე