სახელმწიფოს ამ დრომდე არ გააჩნია ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების სისტემური ხედვა - სახალხო დამცველი

საქართველო, თბილისი - 13:28 | 01.04.2019
ნანახია: 961

სამწუხაროდ, სახელმწიფოს ამ დრომდე არ გააჩნია ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების სისტემური ხედვა. 2018 წელს შესწავლილ საქმეთა ანალიზი ცხადყოფს, რომ ხშირია ლგბტ პირებზე სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობის ფაქტები – ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ჰომოფობია და ანტიგენდერული ჯგუფების გავლენა, რის გამოც ლგბტ ადამიანები კვლავ განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას და ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი

„სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ლგბტ ადამიანების დაცვის კუთხით არასაკმარისია და რეალურ გამოწვევებს ვერ პასუხობს. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ამ დრომდე არ გააჩნია ლგბტ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების სისტემური ხედვა. 2018 წელს შესწავლილ საქმეთა ანალიზი ცხადყოფს, რომ ხშირია ლგბტ პირებზე სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობის ფაქტები. საქმეთა ანალიზიდან იკვეთება, რომ ლგბტ ძალადობის მსხვერპლები პოლიციას ხშირად არ მიმართავენ, ან მიმართავენ და მომავალში გამოძიებასთან თანამშრომლობას წყვეტენ. ამისი მიზეზი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ლგბტ პირების მიმართ არსებული არამგრძნობიარე დამოკიდებულებაა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მსხვერპლები არაერთ შემთხვევაში უთითებენ სამართალდამცავთა მხრიდან ძალადობის ფაქტებზე.

„კერძოდ, ხშირია მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე არასათანადო რეაგირების, არასენსიტიური, დამცინავი და ჰომოფობიური მოპყრობის ფაქტები. პრობლემურია ის ფაქტიც, რომ ინტიმური პარტნიორისგან ძალადობის შემთხვევაში, გეი/ბისექსუალ კაცებს არ აქვთ საშუალება მიიღონ ადეკვატური დაცვისა და დახმარების სერვისები. ასევე, პრობლემაა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ, ტრანსგენდერი ქალებისთვის, პროაქტიულად დაცვისა და დახმარების (კონკრეტულად, თავშესაფრით სარგებლობის) სერვისების შეთავაზება და ეს მხოლოდ უფლებადამცველთა საქმეში ჩართვის შემდეგ ხდება შესაძლებელი“, – ნათქვამია დოკუმენტში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე