ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემა კრიზისულ მდგომარეობამდეა მისული - სახალხო დამცველი

საქართველო, თბილისი - 13:21 | 01.04.2019
ნანახია: 661

სახელმწიფოს მხრიდან ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის დასაცავად არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებამ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემა კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში.

ანგარიშში ომბუდსმენი მიუთითებს, რომ სახელმწიფო არ გამოყოფს საკმარის რესურსს სფეროში განხორციელებული სისტემური ცვლილებების შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად. 

„სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი ხედვა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების გასაძლიერებლად. ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების და ბავშვზე ზრუნვის სისტემის არაეფექტიანობაზე მიუთითებს 4 წლის ნ. ზ.-ს გარდაცვალების ფაქტი. მცირეწლოვანი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ცხოვრობდა ბიოლოგიურ ოჯახში, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმაციას უფლებამოსილი პირების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია“, - ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ  სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, ჯერაც არ შექმნილა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის კონცეფცია და შესაბამისი სერვისი.

„მაღალია სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვები. პრობლემად რჩება, რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონატებში მყოფ ბავშვებზე სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.  

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, სახალხო დამცველმა  სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის მექანიზმის შემუშავებისა და სპეციალური სარეაბილიტაციო დაწესებულების მუშაობის კონცეფციის შექმნის რეკომენდაციით, ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2017 წლის ანგარიშში, თუმცა რეკომენდაცია ამ დრომდე არ შესრულებულა.

სახალხო დამცველის ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიში მოიცავს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ ზოგად შეფასებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს. რეკომენდაციების მიზანია გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა კონკრეტულ სფეროში და მიმართულია პრაქტიკასა თუ კანონმდებლობაში არსებული დარღვევებისა და ხარვეზების აღმოფხვრისაკენ. სახალხო დამცველის საანგარიშო პერიოდი ძირითადად მოიცავს 2018 წელს, მაგრამ მასში ასევე გაანალიზებულია ის პრობლემები, რომლებიც მანამდე არსებულ პერიოდში წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე