დღეიდან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დაისჯება

საქართველო, თბილისი - 11:49 | 01.04.2019
ნანახია: 815

2019 წლის 1 აპრილიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.

კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

კანონის აღსრულების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებმა უკვე გაიარეს შესაბამისი გადამზადების კურსი. ამასთან, დეპარტამენტი სრულად აღჭურვილია გერმანული პორტატიული ნარკოტესტერებით, რომლებიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.

კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, საპატრულო პოლიცია მძღოლს ნარკოტიკულ თრობაზე ნარკოტესტერით გადაამოწმებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირის შემოწმება დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში მოხდება. ნარკოტიკული ნივთიერების კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის სისხლის სამართლის წესით დასჯის მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადია ევროპის არაერთ ქვეყანაში - საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, ჩეხეთში, ხორვატიაში, ესტონეთში, რუმინეთში, ფინეთში, შვედეთში და ა. შ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე