ჩვენ ბოლომდე მივყვებით ჩვენს არჩეულ გზას - მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატოში - პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 10:37 | 28.03.2019
ნანახია: 846

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატო-საქართველო 2019 წლის სამხედრო სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა საქართველოს მიერ არჩეულ კურსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მიზანია, დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერება და გლობალური მშვიდობის მიღწევისთვის საერთაშორისო პარტნიორობაში აქტიური მონაწილეობის გაგრძელება.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო აფართოებს ნატოსთან თანამშრომლობის სპექტრს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საერთო საზრუნავს წარმოადგენს შავი ზღვის უსაფრთხობა და ამ მიმართულებით ურთიერთობები კიდევ უფრო ფართოვდება.

პრეზიდენტმა ავღანეთის მისიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი პროფესიონალიზმი და თავდადება საამაყოა. მისი თქმით, საქართველოს წვლილს უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში ქვეყნის პარტნიორები ყოველთვის აღნიშნავენ.

„ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არანაირი მუქარა ჩვენს მიმართ არ არის გამართლებული. საქართველო თავისუფალი სუვერენული ქვეყანაა და ის თავისუფლად აკეთებს თავის არჩევანს და ირჩევს მოკავშირეებს. ჩვენი ეს არჩევანი არა მხოლოდ აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოებას, არამედ განამტკიცებს რეგიონში სტაბილურობას და საფუძველს უდებს ჩვენს მშვიდობიან პოლიტიკას, ეს არის ერთადერთი სწორი და მომავალზე  ორიენტირებული არჩევანი. ჩვენ ბოლომდე მივყვებით ჩვენს არჩეულ გზას მეტი ნატო საქართველოში მეტი საქართველო ნატოში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე