ვილნიუსის ერთ-ერთ ქუჩას "ქართველების ქუჩა" ეწოდა

საქართველო, თბილისი - 15:15 | 27.03.2019
ნანახია: 689

ლიეტუვის რესპუბლიკის დედაქალაქში, ვილნიუსში, ერთ-ერთ ქუჩას "ქართველების ქუჩა" ეწოდა. ინფორმაციას ლიეტუვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე ავრცელებს.

ლიეტუვაში მიმდინარე „საქართველოს კულტურის გაზაფხული ლიეტუვაში 2019 “ კულტურის დღეების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ანსამბლ „სულიკოს“ მომღერლებმა ვილნიუსის ერთერთ რაიონში "ქართველების ქუჩა" - Kartvelu Street გახსნეს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მაისში ლიეტუვამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს აუთენტური დასახელების Sakartvelo-ს ლიეტუვურ ენაში დამკვიდრების თაობაზე ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში. შესაბამისად, ვილნიუსში ახლადგახსნილ ქუჩას ასევე Kartvelu Street ანუ ქართველების ქუჩა ეწოდა.

მიმდინარე წელს აღინიშნება დამეგობრებული დედაქალაქების - თბილისისა და ვილნიუსის დამეგობრების 10 წლისთავი. ამ ღირშესანიშნავ თარიღს მიეძღვნა ანსამბლ „სულიკოს“ საჯარო კონცერტი ქ. ვილნიუსში მდებარე თბილისის სახელობის სკვერში, სადაც ვილნიუსის მაცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ხელოვნებას. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე