გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას ისევ აგრძელებს

საქართველო, თბილისი - 14:38 | 27.03.2019
ნანახია: 800

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა  ქ.ქუთაისში 19 მარტს 1.3-ჯერ, ხოლო 20 მარტს -  1.6-ჯერ.  ნორმაზე გადაჭარბება ასევე დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 21 მარტს  1.4-ჯერ, ხოლო 22 მარტს  უმნიშვნელოდ. 23 და 24 მარტს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 25 მარტს ნორმაზე  უმნიშვნელო გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ. ქუთაისში.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1,1-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: გლდანი, VI მიკრორაიონი, N132-ე საჯარო სკოლასთან; გლდანი, თიანეთის გზატკეცილი N56, N6-ე საჯარო სკოლასთან;  გლდანი, ხერგიანის ქ.N15ა, N115 საჯარო სკოლასთან; სოფ. გლდანი, N209-ე საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვედზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე