კანონის წინააღმდეგ წასვლა არავის ეპატიება - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 12:03 | 27.03.2019
ნანახია: 829

თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიის სტრუქტურებში შემავალი სამსახურების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს კიდევ ერთხელ სთხოვა, კორუფციის წინააღმდეგ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ.

დედაქალაქის მერი მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საბურთალოს გამგეობის თანამშრომლის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი გადაცდომების წინააღმდეგ, კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები გატარდება.

„რამდენიმე დღის წინ საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. წელს, როდესაც ვიწყებდით მუშაობას, პირველივე მთავრობის სხდომაზე პირადად გავამახვილე ყურადღება და ყველა იქნა გაფრთხილებული, რომ კორუფციის წინააღმდეგ, მაქსიმალური ყურადღება გამოეჩინათ. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ კორუფციას. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთი საქმეები. გადაცდომა და კანონის წინააღმდეგ წასვლა არავის ეპატიება. ყველას მოგიწოდებთ, რომ თანამშრომლები კიდევ ერთხელ გააფრთხილოთ და მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ, რათა მსგავსი ფაქტები არ მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კანონდარღვევის წინააღმდეგ, მუნიციპალიტეტის მთავრობას ყოველთვის კატეგორიული მიდგომა ექნება.

„ჩვენ უნდა ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს  და თბილისელებს. ამიტომ, ძალიან დიდი პასუხიმგებლობა გვაქვს აღებული. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, უჭირს, დახმარება სჭირდება, მზად ვართ, რომ ხელი შევუწყოთ. უამრავ ადამიანს ვეხმარებით და ჩვენს თანამშრომლებსაც, ვისაც უჭირს, პრობლემები აქვს, ხელშეწყობა და თანადგომა ექნება, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს კანონის გადახვევით და ქრთამის აღების გზით. ეს კატეგორიულად მიუღებელია და მსგავსი დანაშაულის წინააღმდეგ, ყოველთვის ძალიან პრინციპული ვიქნებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე