მაუწყებლობის მთავარ პრინციპს საფრთხე დაემუქრა - ქვემო ქართლის რეგიონულმა ტელევიზიამ და რადიომ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა

საქართველო, თბილისი - 10:44 | 27.03.2019
ნანახია: 640

 

ქვემო ქართლის რეგიონულმა ტელევიზიამ და რადიომ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. აღნიშნული განცხადება ტელეკომპანიის წამყვანმა პირდაპირ ეთერში გააკეთა და მაყურებელს დროებით დაემშვიდობა.

ტელეკომპანიის განცხადებით, მაუწყებლობის მთავარ პრინციპს საფრთხე დაემუქრა, რადგან გარკვეულმა ძალებმა გამოხატეს სურვილი არხის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინათ.

„TV4 21 წელია, საკუთარ ქალაქს და მთელ რეგიონს ემსახურება. არაერთხელ დამდგარა ტელევიზია დახურვის საფრთხის წინაშე, თუმცა აქ მომუშავე ადამიანებს ყოველთვის სჯეროდათ, რომ მათ მიერ გაშუქებულ მასალას შედეგი ჰქონდა. ამ არხის ეთერში გასულ პრობლემატურ მასალებს დროული გამოხმაურება მოყვებოდა ქალაქის ყველა ხელმძღვანელი პირის მხრიდან . ჩვენ ვასრულებდით მედიატიორის როლს მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის. უმთავრესი მიზეზი ამ ტელევიზიის მუშაობისა და არსებობის მხოლოდ ეს იყო. წლების განმავლობაში ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს ტელევიზია და მაუწყებლობდეს რადიო. თუმცა დღეს, 21 წლის შემდეგ, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით . გარკვეული ძალები ცდილობენ ტელე-რადიო კომპანიამ არსებობა შეწყვიტოს და ამით ინფორმაციის გარეშე დარჩეს ჩვენი ქალაქისა და რეგიონის მოსახლეობა. დღეს TV4 -ის მუშაობის მთავარ პრინციპს საფრთხე დაემუქრა. ჩვენ ვემიჯნებით გარკვეული ძალების სურვილს, ჩაერიონ არხის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკაში. მსგავსი ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა, თუმცა მაუწყებლობა არ შეჩერებულა. დღეს საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ TV4 და რადიო 4-მა მაუწყებლობას დროებით შეწყვეტეს. ჩვენ ასეთი ფორმით გამოვხატავთ პროტესტს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ცდილობს, ქალაქი და რეგიონი ტელევიზიისა და რადიოს გარეშე დატოვოს. მადლობას მოგახსენებთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს და ყველას, ვისაც სჯერა, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს საკუთარი არხი. განსაკუთრებულად მადლობას ვუხდით ჩვენი ქალაქის მერს, ბატონ ირაკლი ტაბაღუას, რომ მაუწყებლობის შეჩერების ფაქტი სწორედ მისი მერობის პერიოდში დაფიქსირდა. რუსთავი ერთადერთი თვითმმართველი ქალაქი იქნება ტელევიზიისა და რადიოს გარეშე. ჩვენ ვწყვეტთ მაუწყებლობას! მხოლოდ მომავალში შეხვედრის იმედით შეგვიძლია, დაგემშვიდობოთ“, – აღნიშნულია ტელეკომპანიის განცხადებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე