მეტეხის გვირაბში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 09:58 | 27.03.2019
ნანახია: 639

მეტეხის გვირაბში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. დასუფთავების სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავასთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის თქმით, გვირაბი სარეაბილიტაციოა და აღნიშნული საკითხის მოგვარება 2018 წლის მთავრობის დადგენილებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა.

„გვირაბი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და სარეაბილიტაციოა. 2018 წელს მთავრობის დადგენილებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა ამ გვირაბის სრული რეაბილიტაცია. მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა და უახლოეს მომავალში დაიწყებენ სამუშაოებს. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო არსებული გვირაბის  მოწესრიგება. მძიმე მდგომარეობა იყო იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი ნაგავი იყო, რომელიც კლდიდან ჩამოსული წყლებით ტალახდებოდა და ამის გამო ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დღესაც დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა. საპატრულო პოლიციასთან გვქონდა კომუნიკაცია, გვირაბი გადაიკეტა და ორივე მხარის დასუფთავება მიმდინარეობს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის ლევან ჯღარკავას განცხადებით, გარდა იმისა, რომ გვირაბი გაიწმინდება და მოირეცხება, ასევე, გამოიცვლება დაზიანებული სანათებიც.

„თბილსერვის ჯგუფმა“ გვირაბი გვიან ღამით, რამდენიმე საათით გადაკეტა. ადგილზე მობილიზებული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 50-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე