მანანა კობახიძე მის მიმართ ცრუ ბრალდებებზე სასამართლოს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 17:20 | 14.12.2015
ნანახია: 2192

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ამბობს, რომ ე.წ. კოკაინის საქმეში უამრავი დარღვევაა და საქმე „შეკერილია“.

როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, მას ე.წ. კოკაინის საქმე ძალიან კარგად ახსოვს, რომელიც ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა.

მისი განცხადებით, 2011 წელს, ის აღნიშნულ საქმეზე როგორც ადვოკატი ისე მუშაობდა.

დეპუტატის ცნობით, მის წინააღმდეგ გაჟღებულ ცრუ ბრალდებებზე სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

„ჩვენ მაშინვე ვითხოვდით, რომ მომხდარიყო საქმეში ბრალდებული ადამიანების გამართლება. შემდეგ ევროსასამართლოში გასაგზავ საჩივარზე ვმუშაობდით. მას შემდეგ, რაც დეპუტატი გავხდი, მოთხოვნა მქონდა, რომ საქმე განახლებულიყო, რაც სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნა იყო. გამოძიება დაწყებულია წამების ფაქტებთან დაკავშირებით და საქმეს თბილისის პროკურატურა აწარმოებს. ისინი შემდეგაც მოითხოვდნენ, რომ ყოფილიყო კონტროლი მათ განცხადებებზე, ყოფილიყო რეაგირება, ვინაიდან სამართლებრივი მისაგებელი, რასაც ისინი ითხოვდნენ – საქმის განახლება, გადახედვა, გადასინჯვა, დღემდე განხორციელებული არ არის. იქედან გამომდინარე, რომ საქმის წარმოება დღემდე ვერ განახლდა, ბუნებრივია, მათ ჰქონდათ კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. მათ შორის, შეწყალების უფლებით. ისინი შეწყალებას ითხოვდნენ, მიმართავდნენ შეწყალების კომისიას, მომმართეს მეც - როგორც მათ ყოფილ ადვოკატს. შემეძლო რეკომენდაცია გამეწია, რაც სრულიად კანონიერი იყო. მივმართე პრეზიდენტსაც, მივმართე შეწყალების კომისიასაც. პატიმრებს გარკვეული ხნის მანძილზე პასუხიც კი არ ჰქონდათ, ჰქონდათ თუ არა უარი შეწყალებაზე?! ვინაიდან იყო გარკვეული ხნის განმავლობაში შეფერხება, მქონდა ლეგიტიმური უფლება მომეკითხა საქმის მიმდინარეობა, ანუ მეთხოვა, რომ მათ საჩივრებზე ყოფილიყო რეაგირება – ყოფილიყო განხილული, უარის შემთხვევაში კი, ეცნობებინათ დასაბუთებული პასუხი“, - განაცხადა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე