დღეს ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:10 | 26.03.2019
ნანახია: 621

26-27 მარტს საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" ზიანის შემცირების ეროვნული კონფერენცია გაიმართება და 150-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტს, პოლიტიკოსს, მკვლევარს, სტუდენტს, თემის წარმომადგენელს და დაინტერესებულ ადამიანს უმასპინძლებს. კონფერენციის მონაწილეები  ნარკოპოლიტიკასა და ზიანის შემცირების ხელმისაწვდომობაზე იმსჯელებენ.

ზიანის შემცირება არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნაწილი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერვენციების კომპლექსი, რომელიც ხელს უწყობს ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას. ზიანის შემცირების სერვისებს ასევე დადებითი გავლენა აქვს მთელი საზოგადოების ჯანმრთელობაზე და მნიშვნელოვნად ამცირებს ისეთი დაავადებების გავრცელებას, როგორებიცაა აივ ინფექცია და C ჰეპატიტი.

ზიანის შემცირების პროგრამების განვითარება პოლიტიკურ ნებასთანაა დაკავშირებული. საქათველოში არსებული ნარკოპოლიტიკა კი რეპრესიულია და ზღუდავს ხელმისაწვდომობას ზიანის შემცირების მომსახურებებზე, წარმოადგენს რა ადამიანის უფლებების დარღვევის სისტემურ ინსტრუმენტს.

ამ ფონზე განსაკუთრებით საშიში ხდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული გამოწვევები, რომლებიც მარტივად ხელმისაწვდომია და ყოველდღიურად იწირავს ახალგაზრდა და ზრდასრული ადამიანების სიცოცხლეს საქართველოში,  საპასუხო ქმედებები კი ფაქტიურად არ არსებობს.

ამ დრომდე ნარკომომხარებელთა საჭიროებებისთვის საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია ‘გლობალური ფონდი’ ზრუნავდა, თუმცა მალე მისი დაფინანსება საქართველოს შეუწყდება, სახელმწიფო კი არ იზიარებს ვალდებულებას, ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანებისათვის ჯანდაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

კონფერენცია კრიმინალიზებული, რეპრესირებული და დავიწყებული ადამიანების ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებზე თანასწორი ხელმისაწვდომობისთვის იბრძვის.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ღია საზოგადოების ფონდი და ‘მსოფლიო ექიმების (საფრანგეთი) წარმომადგენლობა საქართველოში’.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე