სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს დღეს გამოიტანენ

საქართველო, თბილისი - 10:34 | 25.03.2019
ნანახია: 811

ნაფიცმა მსაჯულებმა სმიტების მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ვერდიქტი, შესაძლოა, დღეს გამოიტანოს.  დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები, დასკვნითი სიტყვით წარდგებიან, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავლენ.

ადვოკატი მტკიცებულებების არ არსებობაზე საუბრობს, კობაურის სკანდალურ ჩვენებას კი ზეწოლის შედეგს უწოდებს.

„სიუჟეტი სადაც კობაური, ე.წ. აღიარებს და საუბრობს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც რეალურად არ ყოფილა და თავად პროკურატურას არ ჯერა ამ ყოველივეს. ეს იყო დადგმული სპექტაკლი, რა თქმა უნდა“,-აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 7 ივლისს, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი, რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა ჯოი გარდაცვლილი იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. აღნიშნული მკვლელობის საქმეზე 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მალხაზ კობაურს ბრალი ედებოდა რაიან მაიკლ სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში. მოგვიანებით მას ბრალი დაუმძიმდა. ექსპერტიზის დასკვნების შემდეგ, მას ასევე ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა.

შესაბამისად, პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითდა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე