ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარს გრიგოლ ვაშაძეს დავუჭერდი - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 10:38 | 18.03.2019
ნანახია: 998

მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშილმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

„ამ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევა, იმიტომ რომ ენმ-ს სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ისევე, როგორც ჩვენ გვჭირდება ახალი ხალხის ჩართვა პოლიტიკურ საბჭოში. მაგრამ როგორ უნდა შეირჩეს ეს ხალხი, ვინ უნდა შეარჩიოს. ჩვენ გვყავს 400 ათასი რეგისტრირებული აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტი. ამ ხალხმა, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები, თვითონ, არა ვიღაცეების მეშვეობით, არა კულისებში. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. ელექტრონული კენჭისყრის მექანიზმები, რომლებიც არსებობს, ამის საშუალებას იძლევა.

ჩვენ შეგვეძლება ხმა მივცეთ აიფონით, აპლიკაციით, რომელიც თქვენ გექნებათ აიფონში. უახლოეს პერიოდში, პარტიის საორგანიზაციო ბირთვი, იმედია შექმნის ამ აპლიკაციას და თითოეულ წევრს, თითოეულ აქტივისტს შეეძლება ყველა ძირითად პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ხმის მიცემა პირდაპირ ელექტრონულად და პირდაპირ ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კანდიდატების შერჩევაში. საარჩევნო სიების შერჩევაში უახლოეს მომავალში, კანონპროექტების მხარდაჭერაში, ძირითადი პოლიტიკური პროცესების შეჯერებაში.

მე ღრმად მწამს, რომ არამხოლოდ ერთპიროვნული მმართველობა ან ჯგუფის მმართველობა არ შეიძლება იყოს. ყველამ უნდა ავიღოთ ხელში პასუხისმგებლობა და ხელში ავიღოთ მმართველობა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის და მომავალში მთლიანად ქვეყნის“, - განაცხადა სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე