საქართველო დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

საქართველო, თბილისი - 12:02 | 12.03.2019
ნანახია: 829

დღეს, 12 მარტს 100 წელი გავიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომიდან.

ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზეა დაგეგმილი, მათ შორის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიებები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც არის დაგეგმილი. საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება საზღვარგარეთ აკრედიტებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში.

საიუბილეო დღეს, გვირგვინით შეამკობენ საფრანგეთში დაკრძალული ნიკოლოზ ჩხეიძის (დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე), უზბეკეთში დაკრძალული ალექსანდრე ლომთათიძის (დამფუძნებელი კრების წევრი) და თბილისში დაკრძალული სილიბისტრო ჯიბლაძის (დამფუძნებელი კრების წევრი) საფლავებს.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება პოსტერების გამოფენა, სადაც ფოტოების, ტექსტებისა და დოკუმენტების საშუალებით, ქართული პარლამენტარიზმის ისტორია იქნება მოთხრობილი. ეროვნულ მუზეუმში გაიმართება პარლამენტარიზმის ისტორიასთან დაკავშირებით, საჯარო ლექციაც.

ამასთან, მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში დაგეგმილია დისკუსია თემაზე „ქალების როლი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში“, სადაც მონაწილეობას დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მოწვევის დეპუტატი ქალები მიიღებენ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე