ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველო ლიეტუვის სამაგალითო გზას მიჰყვება - ​სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 17:24 | 07.03.2019
ნანახია: 850

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა, ვილნიუსში პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, ქართული და უცხოური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს.
 
სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის  მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსათვის ლიეტუვის გზა, რომლითაც ის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანდა სამაგალითოა.
 
,,მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვიზიტი ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტია ამ ჩვენს უძველეს, მეგობარ ქვეყანასთან, რომელმაც ჩვენთვის ძალიან გასაგები გზა გაიარა და რომელთანაც ძალიან ბევრი ისტორიული თარიღი გვაკავშირებს; პირველი დამოუკიდებლობაა, რომელიც აღვნიშნეთ შარშან. ქალბატონი პრეზიდენტი ჩამოსული იყო საქართველოში 26 მაისს და ყველას გვახსოვს, როგორ მიმართა მან საქართველოს მოსახლეობას ქართულ ენაზე - ეს არის იმის ნიშანი და სიმბოლო, თუ რამდენად არსებობს ორ ქვეყანას შორის პატივისცემა და მეგობრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პატარა ქვეყანა ხარ.  მართალია, ტერიტორიულად დაშორებული ვართ, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ, სწორედ, იმ წარსულის გაზიარების გამო და ასევე იმიტომ, რომ ახალ პერიოდში ჩვენ გვიწევს ერთი და იმავე გზის გავლა.
 
ამ გზაზე ჩვენ წინ მიდის ლიეტუვა, რომელიც ბევრად ადრე შევიდა ნატოსა და ევროკავშირში, მაგრამ, ეს არის ჩვენი გზა და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენთვის სამაგალითო გზა, - ის გზა, რაც ქვეყანამ გაიარა. ჩემთვის პირადად, თქვენ ხართ ერთ-ერთი მაგალითი, როგორც ქალი პრეზიდენტი და ქვეყნის მეთაური, რომელმაც ძალიან რთული ეტაპები გაიარა და საჭიროა, იცოდე ვისგან იღებ მაგალითს, როდესაც ამ გზას ადგები”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე