საქართველოს ლიეტუვის მეგობრობა და მხარში დგომა სჭირდება - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 15:28 | 07.03.2019
ნანახია: 764

საქართველოს და ლიეტუვას პრეზიდენტებმა ვილნიუსში პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ ქართული და უცხოური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს და ლიეტუვას მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს. საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე გაიხსენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტი საქართველოში და ქართველი ხალხისადმი, დამოუკიდებლობის დღის ქართულ ენაზე მილოცვა და აღნიშნა, რომ ეს არის სიმბოლო პატივისცემისა და მეგობრობისა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს დღეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის იმ გზის გავლა უწევს, რომელიც უკვე გაიარა ლიეტუვამ, ამ გზაზე ლიეტუვა საქართველოს წინ მიდის, ეს გზა საქართველოსათვის სამაგალითო გზაა, გზა ნატო-სა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ლიეტუვის მეგობრობა და მხარში დგომა სჭირდება, - ,,მეტი ევროპა საქართველოში, მეტი საქართველო ევროპაში'', - ამ მიმართულებით მოძრაობს საქართველო, რაც ნიშნავს საქართველოს ევროკავშირის პროგრამებში მაქსიმალურ ჩართულობას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ იცის, რომ ნატოსთან მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, თუმცა საქართველოს სრული მზადყოფნა აქვს, სამხედრო, თუ რეფორმების კუთხით, საქართველო გადასულია გადამწყვეტ ეტაპებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ საუბრისას, ვიზიტის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის ხელმოწერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის განუხრელი მხარდაჭერისთვის, ტატუნაშვილი- ოთხოზორიას სიასთან მიმართებაში სანქციების თაობაზე, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის.

როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ძალიან დიდი მიღწევები აქვს - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, - ეს საქართველოს მიღწევებია, თუმცა დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა და მათი განხორციელების ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია: საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა სასამართლო სისტემის რეფორმების მიმართულებით და თანმიმდევრულად მიჰყვეს ანტიკორუფციულ გზას.

დალია გრიბაუსკაიტემ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის მნიშვნელობას. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სურვილს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და გლობალური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით ძალიან მაღალ დონეზეა შეფასებული და საქართველოს პატივს სცემენ ამ თანამშრომლობისათვის.

დალია გრბაუსკაიტეს განცხადებით, როცა საქართველო მზად იქნება, ნატო-ს კარიც გაიღება. დემოკრატიის ხარისხის მოთხოვნა, ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, საქართველოს საშინაო დავალების შესრულებას მიჰყვება და ამ გზაზე ლიეტუვა მუდმივად დაეხმარება მას. ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე