რუსეთის მხრიდან ომისა და ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს არ გადაუხვევია სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზიდან - პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 13:34 | 06.03.2019
ნანახია: 696

რუსეთის მხრიდან მუქარის, აგრესიის, ზეწოლის, ომის, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს არ გადაუხვევია სახელმწიფოებრივი მშენებლობის, დემოკრატიის გამყარების, ეკონომიკის გაძლიერების, დამოუკიდებლობის განმტკიცების საკუთარი გზიდან. ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკის გამარჯვება ძალადობისა და მუქარის პოლიტიკაზე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში  გამოსვლისას.

მისი თქმით, საქართველოს სვლა ნატო-სა და ევროკავშირისკენ, არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და ნატო-ს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ უაღრესად დადებითია.

„ჩემი ვიზიტისას ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან, გენერალური მდივნისა და სამხედრო ხელმძღვანელობისგან საქართველოს მიღწევებთან, მის მიერ დაკმაყოფილებულ სტანდარტებსა და შესრულებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით მხოლოდ მაღალი შეფასებები მოვისმინე. საქართველოში ჩატარებულმა სამხედრო თუ პოლიტიკურმა რეფორმებმა მაღალი შეფასება მიიღო. ამის პირდაპირი ნიშანი არის 2019 წელს დაგეგმილი მთელი რიგი ღონისძიებები, ნატო-ს გენერალური მდივნის, სამხედრო კომიტეტის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა და მასშტაბური წვრთნების ჩატარება. შავი ზღვის უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხების მიმართ გაზრდილი ინტერესი და თანამშრომლობის გაღრმავება. აქვე მინდა დავძინო, ჩვენი სვლა ნატო-სა და ევროკავშირისკენ არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. არც რაიმე აგრესიულ მიზნებს ისახავს. სუვერენული ქვეყნის სუვერენული უფლებაა, საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის გამყარებისთვის, მოკავშირეები თავისუფლად აირჩიოს. ეს არჩევანი ვერ იქნება გამოყენებული მუქარის საფუძვლად და გათვალისწინებულ შედეგს, ჩვენს დაშინებასა და გეზის შეცვლას, ვერ გამოიღებს. ხომ ნათელია, რომ რუსეთის მხრიდან მუქარის, აგრესიის, ზეწოლის, ომის, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს არ გადაუხვევია სახელმწიფოებრივი მშენებლობის, დემოკრატიის გამყარების, ეკონომიკის გაძლიერების, დამოუკიდებლობის განმტკიცების საკუთარი გზიდან. ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკის გამარჯვება ძალადობისა და მუქარის პოლიტიკაზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე