გარედან უფრო კარგად ჩანს, როგორ უყურებენ საქართველოს, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:10 | 06.03.2019
ნანახია: 750

მინდა დაგარწმუნოთ, რომ გარედან უფრო ჩანს, რა გზა გაიარა საქართველომ და, ბევრი სირთულის მიუხედავად, როგორ პოზიტიურად უყურებენ მას დღეს, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის უპრეცედენტო პერსპექტივა იხსნება. 

 “ამ საპასუხისმგებლო გზის საწყის ეტაპზე მინდამოგახსენოთ ჩემი პირველი ნაბიჯების შესახებ და გაგიზიაროთ ჩემი პოზიციები მნიშვნელოვან საკითხებზე. ამ ვიზიტების თანამიმდევრობა შემთხვევითი არ ყოფილა: როგორც გაცხადებული მქონდა, ჯერ ევროკავშირსა და ნატოს ვესტუმრე, შემდეგ - ევროპის დღევანდელ ორ წამყვან მეგობარ ქვეყანასა და პარტნიორს - საფრანგეთსა და გერმანიას”- აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ღიაობა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, რომელიც ყველგან მკაფიოდ იყო გამოხატული, საქართველოს დღევანდელი მიღწევებით არის განპირობებული.

„მიღების დონე, სითბო, ღიაობა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, რომელიც ყველგან მკაფიოდ იყო გამოხატული, განპირობებულია დღევანდელი საქართველოს მიღწევებით, მის მიმართ ნდობის ხარისხით და მისი რეალური პერსპექტივებით და არა პიროვნული დამოკიდებულებებით. ჩვენ ზოგჯერ თავს ვიტყუებთ ილუზიებითა და მცდარი წარმოდგენებით, ზოგჯერ კი გვიჭირს ჩვენივე რეალური მიღწევების დაჯერება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ გარედან უფრო ჩანს, რა გზა გაიარა საქართველომ და, ბევრი სირთულის მიუხედავად, როგორ პოზიტიურად უყურებენ მას დღეს, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორს!  ეს ჩემთვის ძალიან საამაყო იყო და მინდა, რომ ეს განცდა თქვენც გაიზიაროთ, რამეთუ ეს ჩვენი ერთობლივი, ჩვენი ერის მიღწევაა! ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით გავიარეთ გზა, რომელიც 15 წლის წინ წარმოუდგენელიც იყო. ეს გზა მოიცავს სამეზობლო პოლიტიკას, აღმოსავლეთის პარტნიორობას, ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალ ვაჭრობასა და ვიზალიბერალიზაციას”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე