ვენესუელაში 8 ტონა ოქრო დაიკარგა

საქართველო, თბილისი - 16:55 | 28.02.2019
ნანახია: 812

ვენესუელის ცენტრალური ბანკის საცავებიდან გასულ კვირას რვა ტონა ოქრო დაიკარგა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

ოპოზიციის მტკიცებით, ძვირფასი ლითონი სამთავრობო სპეციალური ტრანსპორტით იმ დღეს გაიტანეს, როდესაც ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი კალიქსტო ორტეგა ქვეყანაში არ იმყოფებოდა. ამ დროისთვის ოქროს ადგილსამყოფელი უცნობია. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ის სხვა ქვეყანას უკანონოდ მიყიდეს.

იანვრის ბოლოს ვენესუელის ეროვნულმა ასამბლეამ ქვეყნიდან 20 ტონა ოქროს გატანის მცდელობის შესახებ განაცხადა. ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, ძვირფასი ლითონი შესაძლოა რუსეთში გაიტანეს. მოსკოვი ამ ვერსიას უარყოფს, თუმცა 31 იანვარს რუსეთის დედაქალაქში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ვენესუელადან უცნობი ტვირთი ჩაიტანა.

23 იანვარს, კარაკასში ვენესუელის დე-ფაქტო პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. იმავე დღეს, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საქართველომ, ევროპის ქვეყნების უმეტესობამ და სხვა სახელმწიფოებმა ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარეს. ხუან გუაიდო აღიარა ევროპარლამენტმაც. ხუან გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებენ ასევე ევროკავშირშიც.

ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, თურქეთი, სირია, მექსიკა, კუბა და ბელარუსი. გუაიდოს ლეგიტიმურობას ასევე არ აღიარებს იტალია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე