Sheraton Hotels & Resorts-ი სტუმრებს 1-ლი მარტიდან მიიღებს

საქართველო, თბილისი - 13:16 | 25.02.2019
ნანახია: 1012

„Marriott“-ის საერთაშორისო ქსელის წევრი „Sheraton Hotels & Resorts“-ი, მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ, საზეიმოდ ხსნის „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასს“.  1 მარტს, სასტუმრო უკვე დაიწყებს ოპერირებას და მიიღებს პირველ სტუმრებს.

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ ამიერიდან ადგილს დაიკავებს უფრო მაღალი, გრანდ კატეგორიის  სასტუმროებს შორის, რომლებიც აღიარებულია მიმზიდველი ადგილმდებარეობით, გამორჩეული დიზაინით, სანიმუშო სამზარეულოთი, მაღალი დონის მომსახურებითა და სტუმრებისთვის გაზიარებული საუკეთესო გამოცდილებით.

„დიდი სიამაყით მივესალმებით მასშტაბური ტრანსფორმაციის შემდეგ მსოფლიო ლეგენდის საქართველოში დაბრუნებას. „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით იწყებს ახალ სიცოცხლეს“, - აცხადებს პანკაჯ ბირლა, „მარიოტ ინტერნეიშენალის“ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი, - „განახლებული სასტუმრო, ახალი ცხოვრების დაწყების პარალელურად, კვლავ საუკეთესო ადგილი იქნება თბილისში შეკრებებისთვის და ღირსეულად გააგრძელებს ლეგენდარული სასტუმრო ბრენდის საქმეს.“

„რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიასთვის“ ამაყობს ძველი „მეტეხი პალასის“ გარდაქმნით, რომელიც ენერგიული ქალაქის შუაგულში დასვენების საუკეთესო ადგილად იქცა,“ - ამბობს „რაკია ჯორჯიას“ დირექტორი გიორგი გეგეჭკორი. - „ჩვენ მადლობას ვუხდით მშენებლობაში მონაწილე ათასობით მუშას, ჩვენს არქიტექტორებს, დიზაინერებს და კონსულტანტებს, ასევე „მარიოტ ინტერნეიშენალის“ რეგიონულ ხელმძღვანელობას, რომელიც დაუღალავად შრომობდა „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასისთვის“ ახალი სიცოცხლის მისაცემად. მარიოტის ოჯახის წევრობა, იმ არაჩვეულებრივი სერვისის გათვალისწინებით, რაც შერატონის ბრენდს ახასიათებს, საშუალებას მოგვცემს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებას, ასევე ჩვენს საოცარ დედაქალაქში ჩამოსულ ტურისტებს სამაგალითო მომსახურება გავუწიოთ.“

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ აეროპორტიდან 15 წუთის სავალზე, ქალაქის ისტორიულ ცენტრში, მდინარე მტკვრის სანაპიროზეა გაშენებული. სასტუმროდან იშლება თბილისის თვალწარმტაცი ხედი, ეკლექტიკური არქიტექტურა, აქვეა ბოტანიკური ბაღი, კულტურული ღირსშესანიშნაობები და პრეზიდენტის სასახლე.

220-ნომრიანი „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ კეთილმოწყობილი ოთახების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. თითოეული ოთახის ინტერიერი გაფორმებულია ქართველი ფოტოგრაფების ექსკლუზიური ნამუშევრებით, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოს სხვადასხვა კუთხის უნიკალურობა.

ატრიუმში მდებარე Lobby Lounge-ი შესანიშნავი ადგილია მეგობრებთან და კოლეგებთან შესახვედრად, მსუბუქი კერძებისა და ექსკლუზიური კოქტეილის თანხლებით. ეს სივრცე ხელმისაწვდომია 24/7.

მეათე სართულის რესტორნიდან თბილისის ულამაზესი პანორამა იშლება.  აქვეა ბარი, რესტორანი, ლაუნჯი, შეხვედრების ოთახი და ორი ტერასა, რომლებიც ქალაქს გადაჰყურებს.

ვარჯიშის ან რელაქსაციის მიზნით სტუმრებს შეუძლიათ, P’auza სპა და ფიტნეს-ცენტრებში გადაინაცვლონ, სადაც ისარგებლებენ უახლესი კარდიო ტრენაჟორებით, ისიამოვნებენ დახურული და ღია აუზებით, სამასაჟე ოთხებით, საუნებით, ჰამამით, ყინულის აუზითა და სარელაქსაციო ზონებით. სტუმრებს ეძლევათ საშუალება, ჩაიტარონ მრავალფეროვანი სპა-პროცედურები და სრულყოფილად განიტვირთონ დამღლელი მოგზაურობის შემდეგ.

სასტუმროს აქვს სრულად აღჭურვილი 2,000 კვ.მ სივრცე მრავალმხრივი შეკრებებისთვის, მათ შორის - 12 ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის და ქალაქში ყველაზე დიდი - 1000 კვ.მ. ფართობის დარბაზი საერთაშორისო კონფერენციებისთვის, გამოფენებისთვის, კოქტეილ-წვეულებებისთვის, პერსონალური სადილებისა თუ მრავალრიცხოვანი ქორწილებისთვის. აქ გამართული ნებისმიერი ღონისძიება სტუმრებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე