ეკა ბესელიამ "ქართული ოცნება" დატოვა

საქართველო, თბილისი - 12:05 | 22.02.2019
ნანახია: 674

ეკა ბესელიამ უმრავლესობა დატოვა. მან ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა.

"მივდივარ იქ სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა,"-ეს განცხადება ეკა ბესელიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ეკა ბესელია გადაწყვეტილების მიზეზებზე ამ წუთებში ბრიფინგზე საუბრობს.

„ცხადია, ძალიან რთულია ვთქვა დღეს, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია, ვთქვა, მივდივარ სწორედ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქამდე, ვიდრე არ განვმარტავ სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაჰყვება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის, მოქალაქისთვის, თითოეული პიროვნებისთვის ყველაზე ღირებული რა, სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა,“ - განაცხადა ბესელიამ.

გუშინ პარლამენტში ეკა ბესელიას და მისი 8 თანამოაზრის კანონპროექტი ჩავარდა. ამის შემდეგ უმრავლესობა ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვა.

მანამდე პარლამენტის პლენარულ სესიაზე ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე