არასწორია ინფორმაცია, რომ უმრავლსეობამ არ იცოდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების ინიციატივის შესახებ - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 13:17 | 20.02.2019
ნანახია: 661

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია უარყოფს, რომ უმრავლესობასთან შეუთანხმებელი იყო ინიციატივა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესაჩერებლად.

ბესელიას თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ განცხადებაში ეს და სხვა უზუსტობებია.

„პირველი - არასწორია ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ ამ ინიციატივის მომზადების თაობაზე. მე ორჯერ დავაყენე საკითხი, მათ შორის ბოლო სხდომაზე, რომ უვადოდ მოსამართლეთა გამწესების შეჩერებას დაუჭერდნენ თუ არა მხარს. არავის არც ერთ სხდომაზე არ უთქვამს, რომ არ ეთანხმება პრინციპს. ან ვერ თქვეს“ - უთხრა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ. მისი ინფორმაციით, მაშინ არავის უთქვამს, რომ იდეა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება ფორმულირებას, ეკა ბესელიას განცხადებით, ფორმულირების შეცვლა, ან დამატება პირველ მოსმენამდეც შესაძლებელია, ამიტომ თუ უმრავლესობა პრინციპს ეთანხმება, კონსტიტუციასთან შეუსაბამობა მხოლოდ საბაბია.

ბესელია არ ეთნხმება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს იმ არგუმენტსაც, რომ არსებობს მოსამართლეთა შემცირების და საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემის გამწვავების საფრთხე.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ მოსამართლეთა რაოდენობა შევამციროთ. არ ვამბობთ ასევე, რომ ახალი მოსამართლეების შემოსვლა და 3 წლით გამწესება შეუძლებელია" - განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც ცნობილია, ეკა ბესელიას კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადო გამწესების 5 წლით შეჩერებას გულისხმობს, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკა ბესელიას მიერ არაკოსტიტუციური კანონპროექტი მომზადდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე