თბილისში დღეს ჩინეთიდან წამოსული პირველი სატრანზიტო მატარებელი შემოვიდა

საქართველო, თბილისი - 11:43 | 13.12.2015
ნანახია: 1428

თბილისში დღეს ჩინეთიდან წამოსული პირველი სატრანზიტო მატარებელი შემოვიდა, რითიც ოფიციალურად გაიხსნა აბრეშუმის რკინიგზა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაური მატარებელს საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორთან და ჩინეთის ელჩთან ერთად დახვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ის გაზრდის ქვეყანაში ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების რაოდენობას.

მატარებელმა გამოიარა ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით თურქეთში ჩავა. ეს არის პირველი ტრანზიტული ტვირთი და რეალურად განხორციელებული აბრეშუმის გზის პროექტი. 

სამომავლოდ ტრანზიტული მატარებელი უმოკლეს დროში დააკავშირებს აზია - ევროპას. ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთ ნაწილიდან, პორტ ლინუნგანიდან წამოსული ტვირთი სტამბოლში მაქსიმუმ 14-15 დღეში ჩავა, რაც საუკეთესო შედეგია იმ პირობებში, როდესაც გემს 40-45 დღე სჭირდება.

წლის ბოლომდე თბილისი კიდევ ერთ ტრანზიტულ მატარებელს მიიღებს, ხოლო 2016 წლიდან აღნიშნული პროექტის ფარგლებში დამატებით რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა იგეგმება. პროექტით ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი მნიშვნელოვნად იზრდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე