სპორტული შეჯიბრება „გორგასლიანი“ დასრულდა

საქართველო, თბილისი - 16:43 | 11.12.2015
ნანახია: 1676

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე სპორტული შეჯიბრი „გორგასლიანი“ დასრულდა. სპორტის სახეობებსა და გუნდურ თამაშებში გამარჯვებულ სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. დაჯილდოებას თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ.

საზეიმო ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სამხედრო მოსამსახურეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა მოძღვარმა, დეკანოზმა დავით ლონდარიძემ დამსწრე საზოგადოება და მხედრობა დალოცა და მათ სამშობლოსათვის ბრძოლებში წარმატებები უსურვა.

ხელჩართულ ბრძოლაში, ჭადრაკში, საბრძოლო მრავალჭიდსა და მძლეოსნობა-ესტაფეტაში გამარჯვებულ სამხედროებს ხარისხობრივი მედლები და სიგელები, პირველადგილოსნებს კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული გმირების სახელობის გარდამავალი ფარ-ხმალი გადაეცათ.

ტურნირის ოთხი გუნდური სახეობიდან სამ გუნდურ სახეობაში პირველობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების გუნდებმა მოიპოვეს. ხელჩართულ ბრძოლაში, საბრძოლო მრავალჭიდსა და მძლეოსნობა-ესტაფეტაში გამარჯვებისთვის სამხედრო მოსამსახურეები სამი გარდამავალი თასით და მედლებით დაჯილდოვდნენ. გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებს „გორგასლიანის“ მთავარი პრიზი - მგლისგამოსახულებიანი მუზარადი და ორიგინალი საბრძოლო ფარ-ხმალი გადასცა.

ჭადრაკში გუნდური პირველობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გუნდმა მოიპოვა, ხოლო ლელობურთში „გორგასლიანის“ გარდამავალი თასი ხონის II საარტიელრიო ბრიგადას ერგო.
დღესვე „გორგასლიანის“ ფარგლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წლის განმავლობაში ჩატარებული რაგბის სამი ჩემპიონატის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. წელს სახეობის გარდამავალი თასი რაგბის პირველადგილოსან I ქვეით ბრიგადას გადაეცა.

წელს „გორგასლიანი“ სპორტის ხუთ სახეობაში ჩატარდა: ჭადრაკი; ხელჩართული ბრძოლა ხრიდოლის წესებით; შვიდკაცა რაგბი და ლელობურთი; საბრძოლო მრავალჭიდი და ესტაფეტა სირბილში.

შეჯიბრი „გორგასლიანი“ სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადებისა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას ისახავს მიზნად. ტურნირი 16 ოქტომბერს დაიწყო. მასში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობის ყველა ქვედანაყოფმა მიიღო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე