დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვიდა

საქართველო, თბილისი - 12:40 | 06.02.2019
ნანახია: 581

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის სხდომის წინაშე წარდგა და ამერიკელ ხალხსა და კანონმდებლებს ყოველწლიური მოხსენებით მიმართა.

„ჩვენ უნდა უკუვაგდოთ შურისძიების პოლიტიკა და წინააღმდეგობა“, - მიმართა ტრამპმა კონგრესს სიტყვით გამოსვლის დასაწყისში და დასძინა, რომ მათ „ამერიკელი ხალხის დღის წესრიგით უნდა იმოქმედონ“.

ტრამპმა ისაუბრა ასევე, ამერიკული ეკონომიკის უსაზღვრო წარმატებაზე და აღნიშნა, რომ ასობით ათასი ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, უმუშევრობის მაჩვენებელმა ძალიან დაბალ ნიშნულს მიაღწია.

„აშშ-ში ეკონომიკური სასწაული ხორციელდება და ერთადერთი რასაც მისი შეჩერება შეუძლია არის ეს სულელური ომები, პოლიტიკური ან სასაცილო პარტიული გამოძიებები“, - განაცხადა ტრამპმა.

რესპუბლიკელი პრეზიდენტის თქმით, „სასაცილო პარტიული გამოძიებები“ აშშ-ის კეთილდღეობას დააზარალებს.

პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების შესახებ და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა ამერიკელი ხალხის კეთილდღეობაზე აისახება.

როგორც მოსალოდნელი იყო ტრამპმა ისაუბრა მიგრაციის პრობლემებზე და განაცხადა, რომ ქვეყანაში არალეგალური მიგრაცია უნდა დასრულდეს. კონგრესის ტრიბუნიდან დონალდ ტრაპმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ამერიკელი ხალხი იმაში, რომ მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედელს აუცილებლად ააშენებს.

პრეზიდენტმა ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას, რომელიც 82 წუთს გაგრძელდა, ჩრდილოეთ კორეასთან დაგეგმილი სამიტი ახსენა და განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრა 27-28 თებერვალს, ვიეტნამში გაიმართება.

„ჯერ კიდევ ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი, მაგრამ ურთიერთობა ჩემსა და კიმ ჩენ ინს შორის არის კარგი“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მისი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ქვეყანა ჩრდილოეთ კორეასთან ომს ვერ აიცილებდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს მიმართ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე