ფეხბურთელ ემილიანო სალას თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ერთი ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 16:40 | 04.02.2019
ნანახია: 631

მაშველებმა ლა-მანშის რაიონში ფეხბურთელ ემილიანო სალას თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, ნამსხვრევებს შორის ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ტელეარხი Euronews-ი იუწყება.

თვითმფრინავის ბორტზე კატასტროფის დროს ორი ადამიანი იმყოფებოდა - ფეხბურთელი ემილიანო სალა და პილოტი დევიდ იბოტსონი. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ცხედარი აღმოაჩინეს, ჯერჯერობით არ ვრცელდება. გაზეთ The Guardian-ის მონაცემებით, არ არის გამორიცხული, რომ იქვე შესაძლოა მეორე ადამიანის ცხედარსაც მიაგნონ.

გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის თვითმფრინავის ნამსხვრევები ლა- მანშის სრუტეში ფსკერზეა მიმოფანტული. მათი ამოტანის ოპერაცია ჯერ არ დაწყებულა, მაშველები შემდგომი მოქმედების გეგმას განიხილავენ.

ცოტა ხნის წინ სამაშველო ჯგუფმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ნამსხვრევები ლა-მანშში, კუნძულ გერნსისთან იპოვეს. ბორტზე მხოლოდ არგენტინელი ფეხბურთელი და პილოტი იმყოფებოდნენ.

კერძო სამაშველო კომპანიამ თვითმფრინავის ძებნის ოპერაცია კვირას, მას შემდეგ დაიწყო, რაც გერნსის პოლიციამ ძებნა შეწყვიტა და განაცხადა, რომ პილოტისა და ფეხბურთელის ცოცხლად პოვნის შანსები აღარ არსებობდა.

მსუბუქი, ერთძრავიანი თვითმფრინავი Piper Malibu 21 იანვარს ლა-მანშის რაიონში გაუჩინარდა. არსებული მონაცემებით, ფეხბურთელი საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში მიფრინავდა.

იანვრის შუა რიცხვებში ემილიანო სალამ ფრანგულ კლუბ „ნანტიდან“ უელსის „კარდიფ სიტიში“ გადასვლის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერა. გარიგების თანხა 15 მლნ ფუნტს შეადგენდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე