საფრანგეთმა ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარა

საქართველო, თბილისი - 12:40 | 04.02.2019
ნანახია: 780

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ხუან გუაიდო ვენესუელის ლეგიტიმურ დროებით პრეზიდენტად აღიარა.

26 იანვარს გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ ხუან გუაიდოს დროებით პრეზიდენტად აღიარებას აპირებდნენ, თუ რვა დღის განმავლობაში ქვეყანაში ახალი არჩევნები არ დაინიშნებოდა.

 „რადგან ვენესუელაში მმართველობის საპრეზიდენტო მოდელი პრეზიდენტის არჩევნების დახმარებით კრიზისიდან უნდა გამოვიდეს, მიგვაჩნია, რომ ხუან გუაიდო ფლობს ლეგიტიმურობას, რათა დანიშნოს არჩევნები“, - განაცხადა ლე დრიანმა რადიო France Inter-ის ეთერში.

შეგახსენებთ, 23 იანვარს, კარაკასში ვენესუელის დე-ფაქტო პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. იმავე დღეს, ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, საქართველომ და სხვა ქვეყნებმა  ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარეს. ხუან გუაიდო არიარა ევროპარლამენტმაც. ხუან გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებენ ასევე ევროკავშირშიც.

ნიკოლას მადუროს პრეზიდენტობის ლეგიტიმურობას აღიარებენ რუსეთი, თურქეთი, სირია, მექსიკა, კუბა და ბელარუსი. გუაიდოს ლეგიტიმურობას ასევე არ აღიარებს იტალია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე