ვერ გეტყვით, რუსეთის საგარეო უწყებას რა დაესიზმრა - ზურაბ აბაშიძე

საქართველო, თბილისი - 17:17 | 01.02.2019
ნანახია: 874

რუსეთის საგარეო უწყების კომენტარი მართლაც ბადებს კითხვებს, ვერ გეტყვით, რა დაესიზმრათ, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აცხადებს.

როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ თბილისში, განათლების სამინისტროსთან 3 თებერვალს სტუდენტების აქცია იგეგმება და რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ მასობრივი შეკრების ადგილებში გადაადგილებისგან. ზურაბ აბაშიძის თქმით, გაირკვა, რომ აქცია არ ტარდება.

„ეს კომენტარი მართლაც ბადებს კითხვებს, რა მოსატანი იყო 3 თებერვალს დაგეგმილი აქცია, რომელიც, როგორც ირკვევა, საერთოდ არ ტარდება. ვერ გეტყვით, რა დაესიზმრათ“, – განაცხადა აბაშიძემ.

„რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა „გლობალ ფაინენსის“ ბოლო მონაცემები, სადაც ნათქვამია რომ 2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო რეგიონში ლიდერია. ზოგადად კი, 128 ქვეყნიდან საქართველო 49-ე პოზიციას იკავებს, რუსეთი კი – 108-ე პოზიციას. ასე რომ, დასკვნები თავად შეგიძლიათ გააკეთოთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე