N7 პენიტენციურ დაწესებულებაში ვითარება გაუარესდა, - ომბუდმსმენი

საქართველო, თბილისი - 11:43 | 25.09.2015
ნანახია: 2040

საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ N7 დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ამგარიშში ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს განხორციელებული ვიზიტისას გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევების შემდგომ, სახალხო დამცველმა N7 დაწესებულებაში არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით არაერთი რეკომენდაცია გასცა;

”ვიზიტის შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულებაში არა თუ არ გამოსწორებულა ვითარება, არამედ გაუარესდა კიდეც. ამდენად, უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით. ანგარიშის ძირითადი მიზანია, დაწესებულებაში ამჟამად არსებული მდგომარეობის დოკუმენტირება და დაწესებულების დახურვამდე, დროებითი ღონისძიების სახით, პატიმართა მძიმე მდგომარეობის გარკვეულწილად შესამსუბუქებლად იმ კონკრეტული ზომების შეთავაზება, რომელთა დაუყოვნებლივ მიღება სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს აუცილებლად მიაჩნია”, - ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ან სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ;

”დაწესებულებაში არსებული მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, უსაფრთხოების ღონისძიებების გადაჭარბებული გამოყენების პრაქტიკა, არასათანადო სამედიცინო მომსახურება, სარეაბილიტაციო აქტივობების არარსებობა, ოჯახის წევრებთან და ზოგადად გარე სამყაროსთან საკმარისი კონტაქტის არარსებობა შეუძლებელს ხდის პატიმრების მიერ სასჯელის მოხდას მათი ღირსების პატივისცემის პირობებში. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ყოველივე აღნიშნული საფრთხეს უქმნის დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, ფიზიკური ძალადობის რისკიც იმატებს”, - ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო მოკლე ვადებში გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა N7 დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმრებს შეექმნათ ადამიანის ღირსებასთან თავსებადი პატიმრობის პირობები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე