სკოლის გამოსაშვები გამოცდები წელს მე-12 კლასელებსაც მოეხსნებათ

საქართველო, თბილისი - 15:00 | 01.02.2019
ნანახია: 667

სკოლის დამამთავრებელი გამოცდები როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს მოეხსნებათ -ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. 

მამუკა ბახტაძის თქმით, გადაწყვეტილება მთავრობამ სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. 

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს. აქვე, მინდა განვმარტო, რომ წელს აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებელში ისევ ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და სისტემის ცვლილების ეს ნაწილი ამოქმედდება 2020 წლიდან,“ - განაცხადა ბახტაძემ.

ბახტაძის თქმით, მთავრობის მიზანს სკოლა და მისი ფუნდამენტის გაძლიერება წარმოადგენს. 

„განათლების სისტემის რეფორმა არის სწორედ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი 2019 წელს და მომდევნო წლებში. მოგეხსენებათ, განათლების სამინისტრომ გამოაცხადა ცვლილებები საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა იმაზე, რომ გამოცდებისთვის მოვამზადოთ ჩვენი მომავალი თაობა. განათლების მიღება სკოლაში – ეს არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ სკოლა და მისი ფუნდამენტი გავაძლიეროთ. ამასთან ერთად, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით  2019 წელს, რომელიც შეეხება მე-11 კლასელებს, ხოლო 2020 წელს მე-11 და მე-12 კლასებისთვის. ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორ მე-11 კლასელებს, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე