იმისათვის, რომ უკრაინას დავეხმაროთ, საჭიროა დრო - ილია მეორე

საქართველო, თბილისი - 15:31 | 31.01.2019
ნანახია: 698

საქართველოს საპატრიარქო თბილისში მსოფლიო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში წერია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კონსტანტინოპოლელ მიტროპოლიტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ უკრაინის დასახმარებლად, რათა საეკლესიო ცხოვრებაში მშვიდობამ დაისადგუროს და არსებული პრობლემები გადაიჭრას, საჭიროა დრო.

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა: იმისათვის, რომ დავეხმაროთ უკრაინას, რათა საეკლესიო ცხოვრებაში მშვიდობამ დაისადგუროს და არსებული პრობლემები გადაიჭრას, საჭიროა დრო. მეუფე ემანუელიც დაეთანხმა მას და თქვა, რომ იგი დარწმუნებულია, კათოლიკოს-პატრიარქის სიბრძნეში.

“როგორც მიტროპოლიტმა ემანუელმა აღნიშნა, ამ ჩამოსვლის მიზანია უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებასთან დაკავშირებით მსოფლიო საპატრიარქოს პოზიციის განმარტება და დასძინა, რომ ეს ვიზიტი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც მათი აზრის თავსმოხვევის მცდელობა, არამედ მხოლოდ პოზიციის გაცნობა. შემდეგ კი დაწვრილებით ისაუბრა ტომოსთან დაკავშირებით ა.წ 6 იანვრამდე განვითარებულ მოვლენებზე”, - აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებით, შეხვედრისას მიღწეული მთავარი შედეგი არის ის, რომ ორივე მხარე თანხმდება, ყველამ უნდა იზრუნოს მართლმადიდებელთა ერთობისათვის, ხოლო უკრაინის თემასთან მიმართებაში აჩქარება სიკეთის მომტანი არ იქნება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად რეზიდენციაში მიიღო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები: გალიის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ემანუელი და ანდრიანუპოლისის მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესი ამფილოქე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე