სალომე ზურაბიშვილი მიესალმება თბილისის მერის გადაწყვეტილებას, ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შეჩერების შესახებ

საქართველო, თბილისი - 16:14 | 25.01.2019
ნანახია: 700

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება თბილისის მერის, კახა კალაძის, მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტი ულოცავს თბილისელებს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას და მადლობას უცხადებს სამოქალაქო საზოგადოებას პრობლემის გადაწყვეტაში მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობისათვის.

დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტი" აღარ აშენდება.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 24 ივლისის, თბილისის მერმა, გიგი უგულავამ თბილისში, ჭავჭავაძის #68-ში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური შეთანხმება გასცა, რომლითაც ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები გაიზარდა; 2013 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით კი, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა. ამ გადაწყვეტილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა. "მწვანე ალტერნატივამ" სასამართლოს მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერის 2013 წლის 24 ივლისის განკარგულება -  მერიას დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესაფასების შემდეგ.  

2018 წლის 28 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვაკის პარკში სასტუმროების მშენებლობა შეჩერდა. 

სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელი გიორგი ზაქაიძე მერიას ხელების გადაგრეხაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, თბილისის მერიის მიერ მათთვის შეთავაზებული პირობები მიუღებელი იყო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე