სავარაუდოდ, იკვეთება „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი - ენერგოომბუდსმენი

საქართველო, თბილისი - 11:49 | 17.01.2019
ნანახია: 800

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი „ყაზტრანსგაზ-თბილისისგან“ ახსნა-განმარტებას მოითხოვს.

„პირველადი სავარაუდო დასკვნის თანახმად, ბუნებრივი გაზის გაჟონვა და დაგროვება საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მოხდა, სადაც ოჯახის წევრები და მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ. ენერგოომბუდსმენი ახსნა-განმარტებას შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისგან“ მოითხოვს. თანმიმდევრულად იქნება შესწავლილი კორპუსის ბუნებრივი გაზის ქსელზე დაერთების პროცედურები. ენერგოომბუდსმენის ინტერესს აგრეთვე წარმოადგენს, რატომ ვერ აღმოაჩინა გაჟონვის ადგილი შემოწმებაზე მისულმა ტექნიკოსმა. სავარაუდოდ, იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი, რომელსაც იმედია, პასუხი გაეცემა საგამოძიებო უწყების მხრიდან.

ამავდროულად, აუცილებლად მიგვაჩნია, შევეხოთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის მოწყობის რეგულირება. მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით, არსებული რეგულაციები სრულად ვერ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს, ვინაიდან ის არ არის შესრულებული ლიცენზირებული კომპანიების მიერ და მომსახურე კომპანიას უწევს ჩაიბაროს ის ისეთი სახით, როგორც მშენებელმა წარმოუდგინა. ძალიან ხშირად შიდა ქსელზე დაშვებული შეცდომები ხდება საფრთხის წყარო.
ბოლო პერიოდში დატრიალებული ტრაგედიები ნათლად მიგვანიშნებს სისტემურ პრობლემებზე, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსურად“, – აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის განცხადებაში.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე