საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ ნანა ხუნჯუა აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 17:24 | 16.01.2019
ნანახია: 803

საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე სხდომაზე ფარული კენჭისყრითა და დამსწრეების ხმათა უმრავლესობით, ორი წლის ვადით აირჩიეს.

საბჭოს სხდომაზე დღეს ორი კანდიდატურა დასახელდა – ადვოკატი ირმა ჭკადუა და პროკურორი ნანა ხუნჯუა, რომელმაც 12 ხმა მიიღო.

მას შემდეგ, რაც ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შედეგად საქართველოს მთავარი პროკურატურა გენერალურ პროკურატურად გარდაიქმნა და პროკურატურის შესახებ ორგანული კანონი ამოქმედდა, საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს საპროკურორო საბჭოს თავჯდომარის პოზიცია ახალი თავჯდომარის არჩევამდე შეუნარჩუნდა. რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, იგი კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უნდა შერჩეულიყო. იუსტიციის მინისტრი კი საბჭოს წევრი აღარ იქნება. ამავე კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს თავჯდომარე საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევა. საბჭოს ნებისმიერ წევრს შეუძლია, კენჭისყრაზე წარადგინოს როგორც საკუთარი, ასევე, საბჭოს სხვა წევრის კანდიდატურა. ამასთან, რამდენიმე წევრს აქვს უფლება, თავმჯდომარის პოზიციაზე დაასახელოს საბჭოს რომელიმე წევრი.

15-წევრიანი საპროკურორო საბჭოს უმრავლესობას პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები შეადგენენ. საბჭოს წევრები არიან ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მოსამართლეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე