უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდასაჭერად ხელმოწერები გროვდება

საქართველო, თბილისი - 11:16 | 15.01.2019
ნანახია: 1078

მოქალაქეები უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდასაჭერად ხელმოწერებს აგროვებენ და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს მიმართავენ, მხარი დაუჭირონ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარებას. წმინდა სინოდისადმი მიმართვა ეკლესიის წევრების სახელით ვრცელდება.

"ვეცნობით რა ყველა სიახლეს განვითარებული მოვლენების ირგვლივ, პასუხისმგებლობით ვეკიდებით მართლმადიდებელი აღმსარებლობის შეურყვნელად დამოწმებას. განვითარებული მოვლენები კი საზოგადოებას უფრო მეტი ინდიფერენტულობით განაწყობს რწმენისადმი.  იმპერიალისტური მიზნები და პირველობისთვის ბრძოლა კი შესაძლოა, საფუძველი გახდეს მესამე ათასწლეულის გარიჟრაჟზე ახალი საეკლესიო განხეთქილებისა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოქმნილი დავა არადოქტრინალურ ხასიათს ატარებს. 
 
შესაბამისად,  ამ საკითხისადმი ჩვენი ეკლესიის ღირსეულ და სამართლიან დამოკიდებულებად მივიჩნევთ საეკლესიო ერთობის შენარჩუნებისთვის სამართლიანობის ურყევ მხარდაჭერას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, ობიქტური თუ სუბიექტური სირთულეების მიუხედავად, უკრაინის ახლადდაარსებული ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობითა და მათთან ევქარისტიულ ერთობაში შესვლით უნდა იქნეს დამოწმებული. 
 
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ეკლესია არ შელახავს საკუთარი ავტოკეფალიის ისტორიას და დაამოწმებს ევქარისტიულ ერთობას უკრაინის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან", - ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 5 იანვარს სტამბოლში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს, რითაც გამარჯვებით დასრულდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა.

საქართველოს ეკლესიას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ოფიციალური და ერთიანი პოზიცია ჯერ არ გაუმჟღავნებია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე