შეხვდით ახალ 2016 წელს ბათუმში

საქართველო, თბილისი - 16:25 | 10.12.2015
ნანახია: 1803

ბათუმი დაუვიწყარი ახალი წლის პირობას დებს. საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 25 დეკემბრიდან დაიწყება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე თქვენ შეგიძლიათ გაატაროთ ზღაპრული შობა-ახალი წლის დღეები ბათუმში, ევროპის მოედანზე. აქ ყოველდღე გელით: საშობაო ბაზრობა, ქართველი და უცხოელი შემსრულებლების საახალწლო კონცერტები, განსაკუთრებულად მორთული საახალწლო ნაძვის ხე, საშობაო დეკორაციები და საახალწლო განათებები წარუშლელ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ და საახალწლო განწყობას შეგიქმნით.

საშობაო ბაზრობა - ევროპის მოედანზე საახალწლო დეკორაციებით მორთულ ჯიხურებში წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ეთნოგრაფიული სასაჩუქრე ნივთები, სხვადასხვა სახის ადგილობრივი ტკბილეულობა, ცხელი კერძები და სასმელები, რომელთა დაგემოვნებას ადგილზევე შეძლებთ. ყველაფერი ეს კი დაუვიწყარს გახდის ბათუმში გატარებულ საშობაო დღეებს.

საახალწლო კონცერტები - თუ გსურთ იხილოთ და მოუსმინოთ თქვენთვის სასურველ მუსიკალურ ბენდს ან მუსიკოსს საახალწლო განწყობის თანხლებით თქვენს წინაშე წარმოდგენილი იქნებიან ქართველი და უცხოელი შემსრულებლები 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე, ევროპის მოედანზე.

საახალწლო ნაძვის ხე, დეკორაციები და განათებები - ბათუმი სტუმრებს წელს განახლებული ნაძვის ხითა და დეკორაციებით დახვდება ევროპის მოედანზე. მასთან გადაღებული ფოტოები კი წლების შემდეგ მოგაგონებთ ბათუმში გატარებულ დაუვიწყარ დღეებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ ბათუმის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს ყოველდღე 24 საათის განმავლობაში.

 

 
 
 
 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე