ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციამ ერგნეთში მცხოვრებ 50 ოჯახს საახალწლო საჩუქრები გადასცა

საქართველო, თბილისი - 12:33 | 28.12.2018
ნანახია: 874

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ქალთა ასოციაციის წევრებმა ერგნეთის მოსახლეობას საახალწლო ნობათი -  სურსათი, ტკბილეული, ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო პროდუქტები ჩაუტანეს.

„ასეთი ხელდამშვენებული აქცია, კარგა ხანია ჩვენთან არ ყოფილა“, - ასე შეაფასეს ერგნეთელებმა ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების სტუმრობა. დიდი იყო ერგნეთის მკვიდრთა სიხარული თანადგომისათვის და მათ ერთსულოვნად აღნიშნეს, რომ ასეთი მხარდაჭერით სოფლის მაცხოვრებლები 2008 წლის 8 აგვისტოს ომის შემდეგ არცთუ განებივრებულნი არიან.  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია არსებობის 45 წელს ითვლის და ყოველ დღესასწაულზე უამრავ ადამიანს გაუთბეს გული.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნაზი კუციავამ აღნიშნა, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ერგნეთის მოსახლეობას დამდეგი შობა და ახალი წელი მიულოცეს, უსურვეს მშვიდობა და ოკუპირებული ტერიტორიების ახლო მომავალში დაბრუნება.

 „პროფესორებმა - ლია კახიანმა, ლანა პაპავამ, ელმირა ჩხიკვაძემ, მაკა დემეტრაძემ, ჟუჟუნა პეტრიაშვილმა, ქეთევან გრძელიშვილმა, თამრიკო ედილაშვილმა შევკრიბეთ მცირე თანხა, ბატონი დიმიტრი ერისთავი შემოგვიერთდა და ვიყიდეთ ტკბილეული, ხილი, ზამთრის ტანსაცმელი სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის, ძალიან დაგვეხმარა კომპანია „ტკბილი ქვეყანა“. ერგნეთში ხელდამშვენებული ჩავედით და 50 ოჯახის გახარება შევძელით“, -  განაცხადა ნაზი კუციავამ.

მოსახლეობასთან შეხვედრას ორგანიზება გაუკეთა გორის საკრებულოს წევრმა, ქალბატონმა ლია ჩლაჩიძემ. მან ქალთა ასოციაციის  წევრებს დაათვალიერებინა მის მიერ ორგანიზებული მუზეუმი, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს ომის მოვლენებს ასახავს; ასევე, ორგანიზება გაუკეთა შეხვედრას ერგნეთის საჯარო სკოლის ხელმძღვანელობასთან, სადაც დაისახა ორ მხარეს შორის ორგანიზაციული ღონისძიებები სკოლისთვის სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდასაჭერად. ამ მიზნით, საჭირო კონტაქტები განხორციელდება დისტანციურად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მოსწავლეებს ჩაუტარონ კონსულტაციები ცალკეულ საგნებში, არდადეგებისა და ეროვნული გამოცდების პერიოდში. შეხვედრაზე ორივე მხარემ ერთსულოვნად გამოხატადა მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე