საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ

საქართველო, თბილისი - 11:20 | 27.12.2018
ნანახია: 671

დღეს საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. როგორც ცნობილია, მღვდელმთავრები უკრაინის ახლადშექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე იმსჯელებენ. 

სხდომას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს და იგი 12:00 საათზე დაიწყება.

ამ დრომდე, საქართველოს ეკლესიის ოფიციალურ წარმომადგენლებს ერთიანი პოზიცია უკრაინის ეკლესიის აღიარების საკითხთან დაკავშირებით არ გაუჟღერებიათ. აღსანიშნავია, რომ 46 მოქმედი მღვდელმთავრიდან მხოლოდ რამდენიმე ეპისკოპოსმა, მათ შორის, ბოდბელმა ეპისკოპისმა იაკობმა, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, დაუჭირა ღიად მხარი უკრაინის ეკლესიის აღიარებას.

"ჩემი ხმა ეკუთვნის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებას და მათი დიდი სიხარულის თანამონაწილეობას", - დაწერა "ფეისბუკზე" ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში, უკრაინის ეკლესიების გამაერთიანებელ კრებაზე უკრაინული ეკლესიის მწემსმთავრად, 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს, რომელიც პატრიარ ფილარეტის კანდიდატურას წარმოადგენდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე