გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ისევ აგრძელებს

საქართველო, თბილისი - 15:23 | 26.12.2018
ნანახია: 845

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ისევ აგრძელებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

18 დეკემბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირსა და ვარკეთილში - 1.1-ჯერ, ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ ავტომატურ სადგურზე - 1.5-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ. 19 დეკემბერს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე. კერძოდ, წერეთლის გამზირზე - 1.4-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე - 1.3-ჯერ, ვარკეთილში - 1.6-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარსა და ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ ავტომატურ სადგურებზე - 1.5-ჯერ. 20 დეკემბერს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ვარკეთილში - 1.1-ჯერ, 21 დეკემბერს წერეთლის გამზირზე - 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე კი უმნიშვნელოდ. 22 დეკემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.5-ჯერ, ყაზგების გამზირზე - 1.7-ჯერ, ხოლო ვარკეთილსა და ვაშლიჯვარში - 1.8-ჯერ. 23 დეკემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე - 2.2-ჯერ, ვარკეთილში - 1.7-ჯერ, ვაშლიჯვარში - 1.5-ჯერ, ქ. ქუთაისში - 1.2-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებულ ავტომატურ სადგურზე - 1.1-ჯერ,  24 დეკემბერს კი მხოლოდ თბილისში წერეთლის გამზირზე - 1.7-ჯერ.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირსა და ქ.ბათუმში 1.1-ჯერ. აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ბათუმის შესახვევი N6 - ბაგა-ბაღი N90, ვაჟა-ფშაველას გამზ. N49 – N199 საჯარო სკოლასთან, ვაჟა-ფშაველას გამზ. N49 - N83 საბავშო ბაღი „ჭიამაია“-სთან და აგლაძის ქუჩაზე. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე