ნინო ლომჯარიამ ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების მასალების შესწავლის შედეგები წარადგინა
საქართველო, თბილისი - 13:33 | 26.12.2018 ნანახია: 661საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების მასალების შესწავლის შედეგები წარადგინა.
ლომჯარიას განცხადებით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ გამოძიებამ ვერ მოახერხა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოების სრული სურათის აღდგენა, საქმისთვის მნიშვნელოვანი და არსებითი მტკიცებულებების მოპოვება, შესაძლო დანაშაულში მონაწილე პირების, მათ შორის, შესაძლო ორგანიზატორის, ამსრულებლისა და დამხმარის იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა.
"ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის 16 ტომიანი საქმე, მათ შორის, საპარლამენტო კომისიის დასკვნა, სახალხო დამცველის აპარატმა 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში შეისწავლა.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად იკვეთება, რომ გამოძიებამ ვერ მოახერხა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოების სრული სურათის აღდგენა, საქმისთვის მნიშვნელოვანი და არსებითი მტკიცებულებების მოპოვება, შესაძლო დანაშაულში მონაწილე პირების, მათ შორის, შესაძლო ორგანიზატორის, ამსრულებლისა და დამხმარის იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა.
სამწუხაროდ, სახეზე გვაქვს ჩაუტარებელი, დაგვიანებით ჩატარებული ან არასრულყოფილად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. გამსახურდიას ცხედარზე საქართველოს მხარეს არ ჩაუტარებია სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური და სხვა რელევანტური ექსპერტიზები, შესაბამისად, არ არის უტყუარად დადგენილი მის სხეულზე (მათ შორის, თავზე) არსებული დაზიანებების რაოდენობა, მათი ხანდაზმულობა და წარმოშობის მექანიზმი. ასევე, დაუდგენელია გამსახურდიას ხელზე დენთის წვისა და სხვა სროლის პროდუქტების არსებობა, რომელსაც მაღალი ალბათობით შეეძლო დაედასტურებინა ან გამოერიცხა თვითმკვლელობის ვერსია. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გამსახურდიას ცხედარზე ჩატარებულია მხოლოდ ერთხელ, 2007 წელს და ისიც რუსეთის ფედერაციაში. ამ დროისთვის სხეულის რბილი ქსოვილები აღარ არსებობდა და შეუძლებელი იქნებოდა ამ ქსოვილებზე არსებული შესაძლო დაზიანებების კვალის აღმოჩენა. გამოძიებას არ აქვს უტყუარად დადგენილი, რომ საქმეში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი ნამდვილად ის იარაღია, რომლითაც განხორციელდა გასროლა ზვიად გამსახურდიას მიმართ. საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ არ იქნა გატარებული ღონისძიებები არსებითი მტკიცებულებების და შემთხვევის ადგილის დასაცავად. გამოძიებას არ აქვს მოპოვებული ტყვიის გულა და მასრა, გამსახურდიას ტანსაცმელი, საწოლის თეთრეული, საბანი და ლეიბი, ბალიში, საწოლის დაფა და საწოლის წელი 10-20 წლის დაგვიანებით იქნა მოპოვებული. არ მოხდა გონივრულ ვადაში შემთხვევის ადგილის დათვალიერება. გამსახურდიას გარდაცვალების დროს მასთან მყოფი პირების დაკითხვა ჩატარდა დაგვიანებით, ხოლო იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი დღემდე არ არის დაკითხული. სამწუხაროა, რომ 2017 წლამდე არც ერთი ოჯახის წევრი არ ყოფილა ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. ხოლო 1994 წლიდან 2015 წლამდე გამოძიება მიმდინარეობდა სისხლის სამართლის კოდექსში არარსებული კვალიფიკაციით - „საქმე გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე“. საქმე მკვლელობად დაკვალიფიცირდა მხოლოდ 21 წლის შემდეგ, 2015 წელს. საქმეში იკვეთება სხვა ჩაუტარებელი და დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
ამასთან ყურადსაღებია, რომ სამართალდამცავი ორგანოები არ დაინტერესებულან, თუ რა მიზეზით არ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, არ დაწყებულა გამოძიება გამოძიებაზე შესაძლო პოლიტიკური გავლენებისა და შესაძლო განზრახ გამოძიებისთვის ხელშეშლის, მტკიცებულებათა განადგურებისა და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენის/დადგენის მიზნით.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც იგეგმება დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გაზრდა და რომელიც გამოძიებას დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას მისცემს", - განაცხადა ლომჯარიამ.
საქართველოს სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს:
- გაგრძელდეს ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ინფორმაციის მოძიების/გადამოწმების მიზნით, გაანალიზდეს გარდაცვლილის ოჯახის წევრების, მათი ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და გადამოწმდეს მათი ვერსიები;
- გამოძიების მიმდინარეობისას მოხდეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა, რომელთა მიერ შესაძლოა განხორციელდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა ან სხვა სამოხელეო დანაშაულის ჩადენა (შესაბამისი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით);
- მაქსიმალურად მოხდეს ოჯახის ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
- საქართველოს პირველი პრეზიდენტის შესაძლო მკვლელობის ფაქტის გამოძიებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პერიოდულად, მოხდეს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების შედეგების თაობაზე.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა