მე თქვენთან ერთად წამოვალ, არაფრის მეშინია - მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 11:03 | 26.12.2018
ნანახია: 817

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუკგვერდზე ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც მოუწოდებს უცხოეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს, რომ ერთად დაბრუნდნენ საქართველოში.

სააკაშვილის თქმით, სამშობლოში დასაბრუნებლად, ქართველი პატრიოტების ჯგუფმა დაიწყო მოძრაობა „ერთად სახლში“.

„ახლა ჯგუფმა, პატრიოტი ქართველების, მომმართა, მათ შექმნეს მოძრაობა ერთად სახლში, ეს არის ძალიან მაგარი იდეა. ჩვენ უნდა დიდი ტალღა ავიზვირთოთ და ამ აზვირთებულმა ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე, საქართველოს ყველა ქალაქამდე და ქართველებმა უნდა დაიბრუნონ საქართველო. მე თქვენთან ერთად წამოვალ, არაფრის არ მეშინია, ბოლომდე გავალთ, ჩვენ სამშობლოს გარდა არაფერი არა გვაქვს დასაკარგი და სამშობლო არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ –  ერთად სახლში, ვაერთიანებთ ძალებს”, - აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის შემოივლის ყველა ცენტრს, სადაც ქართველები იმყოფებიან და მათთან ერთად დაბრუნდება საქართველოში.

„მე შემოვივლი უკლებლივ ყველა ცენტრს, სადაც არიან ქართველები, შეგხვდებით თითოეულ თქვენგანს, ჩაგხედავთ თვალებში, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები და წავიდეთ ჩვენი სამშობლოს დასაბრუნებლად, წავიდეთ ამ კოშმარის და ამ საოცრების დასასრულებლად, საქართველო იმსახურებს ბევრად მაგარ რაღაცას და ჩვენ ვიმსახურებთ, გვქონდეს მაგარი სამშობლო, აუცილებლად გვექნება მაგარი სამშობლო – ერთად სახლში, აბა თქვენ იცით“, - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

„ძალიან ბევრს ვხვდები უცხოეთში ჩვენს თანამემამულეებს, ზოგს ტაქსიში, ზოგს რაღაც მშენებლობაზე, ზოგს აკადემიურ დაწესებულებაში, ეს ხალხი თავისი შრომით ინახავს არა მხოლოდ თავის ნათესავებს საქართველოში, არამედ რეალურად, ინახავს იმ დამპალ რეჟიმსაც, რომელიც არის საქართველოში თავისი გადარიცხვებით, რადგან საქართველოში სხვა ეკონომიკა უკვე გააჩანაგა ივანიშვილმა.

არადა, ეს ხალხი სწორედ გაჭირვებამ და უპერსპექტივობამ გამოყარა იქიდან. ამ არჩევნებზე ქართველმა ემიგრანტებმა აჩვენეს თავისი ძალა, უზარმაზარი უპირატესობით გაიმარჯვა ოპოზიციამ უცხოეთის უბნებზე, სადაც ხახვი და კარტოფილი ვერ დაარიგეს და სადაც მოსყიდვა არ მუშაობს.

ქართველებს, რომლებიც უცხოეთში არიან, რომლებმაც იციან შრომის ფასი, ვერ წვდება ივანიშვილის მოსყიდვა და ივანიშვილის მეთოდები იქ არ ჭრის. მაგრამ ეს არ კმარა, ყველა ქართველს ენატრება საქართველოში დაბრუნება. ყველას უნდა, რომ თავისი შვილები იქ გაზარდოს. ყველას უნდა, თავის შვილებს დაუბრუნდეს და არ ჰქონდეთ მათ გასაქცევი არსად“, - ამბობს სააკაშვილი ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე