მე თუ მაქვს ვალი დოლარში, ჩემი ვალი ამ ხელისუფლების პირობებში 2.5-ჯერ გაიზარდა - ენძელა მაჭავარიანი

საქართველო, თბილისი - 14:38 | 25.12.2018
ნანახია: 617

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ენძელა მაჭავარიანი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლით უკმაყოფილოა. 

ენძელა მაჭავარიანი ამბობს, რომ მინისტრისგან ვერ მოისმინა პოლიტიკური გეგმა თუ რა იგეგმება ქვეყანაში სიღარიბის დასაძლევად.

„თქვენი განცხადებები, რომელმაც ეთერში გაიჟღერა და აღშფოთება გამოიწვია ხალხში, რომ თითქოს ჩვენ კარგად ვცხოვრობთ და რაღაცები უმჯობესდება და ეს ჩვენ ცხოვრებაზე ვერ აისახება, შესაძლოა, ეს ერთეულების ცხოვრებაზე აისახებოდეს, მაგრამ ადამიანების ინტერესები, ვინც სიღარიბის მიღმაა, უფრო მეტად უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენს ეკონომიკაში. მე იმედი მომეცა, როდესაც თქვენ ახსენეთ ინდუსტრიალიზაცია, რომ რაღაც განვითარდებოდა ქვეყანაში. რამდენი ტურისტიც არ უნდა შემოვიდეს, ეს ვერ შექმნის კომფორტს და ვერ გაზრდის ეკონომიკას, თუ ჩვენ არ გვექნება ინდუსტრია. ხელისუფლებაში მოსვლისას ვლაპარაკობდით 100 ქარხანაზე, მაგრამ 4-5 ქარხანა არ აგვიშენებია ისეთი, რომელიც ისეთ ექსპორტს ქმნიდეს, როგორიც ფეროშენადნობია. ეს ქარხანა, რომელიც მე ძალიან არ მომწონს, რადგან გარემოს ძალიან აბინძურებს, არის ერთ-ერთი საარსებო საშუალება. ასევე არის ის ელექტროსადგურები, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ და ხალხი არ ემხრობა", განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

"აქ წერია გავზარდოთ კეთილდღეობა, მაგრამ როგორ უნდა გააკეთოთ ეს?", ეკითხება დეპუტატი მინისტრს. 

ენძელა მაჭავარიანი ამბობს, რომ "ეს ჩვენც ვიცით და თქვენს ხედვაშიც წერია, მაგრამ ეს როგორ უნდა შექმნას ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა თქვენი მეთაურობით, ეს ხედვა ვერ დავინახე".

"ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც დასაქმება არ უნდათ. რაღაცით ხომ უნდა იყოს ეს სამსახურები საინტერესო? მე თუ მაქვს ვალი დოლარში, ჩემი ვალი ამ ხელისუფლების პირობებში 2.5-ჯერ გაიზარდა და ეს განაპირობებს იმას, რომ მე უფრო ღარიბულად ვიცხოვრებ, ვიდრე მანამდე ვცხოვრობდი და ასეთი საკითხები როგორი იქნება მოგვარებული? ასევე, სოციალურ მიმართულებებზე ვხარჯავთ ძალიან დიდ თანხებს, მაგრამ შედეგი არ არის ისეთი როგორიც უნდა გვქონდეს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე