იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 14:30 | 25.12.2018
ნანახია: 560

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“  მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, საკითხი პროცედურად არასწორად იყო დასმული და  ფორმით იმ დადგენილებას ეწინააღმდეგება, რომელიც ამ თემაზე პარლამენტმა დაამტკიცა.

„რეკომენდაციების შესრულება სავალდებულოა და პარლამენტი პროცესზე მონიტორინგს ვაგრძელებთ. რაც შეეხება დადგენილებას, პოლიტიკური ორგანო მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არ უნდა ჩაერიოს და ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არ უნდა დაარღვიოს. საკითხი პროცედურულად არასწორად იყო მომზადებული და კონსტიტუციის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა“, – განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის, დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპულმა საქართველომ“  დადგენილების პროექტი წარადგინა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციების შესრულებას შეეხება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე