უზენაეს სასამართლოს ეჩქარება, რადგან არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს კანონის ხარჯზე - ბესელია

საქართველო, თბილისი - 14:24 | 25.12.2018
ნანახია: 609

ასეთი მნიშვნელობისა და ძალიან მაღალი ინტერესის მატარებელი საკითხი მოითხოვს გააზრებულ და პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კომიტეტმა წარდგენილი კანდიდატურების ბიოგრაფია და სხვა დეტალები უნდა შეისწავლოს.

"ჩემთვისაც, ვინც წლების განმავლობაში სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ ამ საკითხს პირველ რიგში, სჭირდება მაქსიმალური გამჭვირვალობა და პროცედურების ზუსტი დაცვა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ იმ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ შემოვიდა ბიუროზე და არ ახლავს მას არც ავტობიოგრაფია და სხვა მონაცემები. კომიტეტი გამოითხოვს ამ ინფორმაციას. ჩვენ სათითაოდ უნდა შევისწავლოთ ყველა გარემოება. პროცედურა მოითხოვს, რომ მოვუსმინოთ ყველა კანდიდატს და ამის შემდეგ მიიღოს კომიტეტმა გადაწყვეტილება, ვის აძლევს რეკომენდაციას და ვის არა. მე პირადად მიმაჩნია, რომ ვიდრე კონკრეტულად ვისაუბრებ გვარებთან დაკავშირებით, უნდა დავიცვათ პროცედურა. უზენაეს სასამართლოს მართლა ძალიან ეჩქარება, რადგან არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები, მაგრამ ეს პრობლემური მოცემულობა არ უნდა მოხდეს კანონის ხარჯზე", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე