Spiegel-ის ჟურნალისტი 7 წლის განმავლობაში ფაქტებს ამახინჯებდა და სტატიებს იგონებდა

საქართველო, თბილისი - 10:50 | 20.12.2018
ნანახია: 738

გერმანული ჟურნალის Spiegel-ის ჟურნალისტმა კლაას რელოციუსმა აღიარა, რომ 7 წლის განმავლობაში ფაქტებს ამახინჯებდა და თავისი სტატიებისთვის ისტორიებს იგონებდა.

Spiegel-ის ინფორმაციით, ჟურნალისტის არაკეთილსინდისიერებაში დაეჭვდა მისი კოლეგა ხუან მორენო. მას შემდეგმ, რაც გამოქვეყნდა მათი ერთობლივი სტატია „მონადირის საზღვარი“ (Jaegers Grenze), მორენომ თავისი ეჭვების შესახებ გამოცემის ხელმძღვანელობას აცნობა.

როგორც გაირკვა, რეპორტიორი შეგნებულად იგონებდა ტექსტების უდიდეს ნაწილს არამხოლოდ სტატიაში „მონადირის საზღვარი“, სადაც საუბარი იყო მექსიკა-აშშ-ის საზღვრის პატრულირებაზე, არამედ სხვა უმრავ პუბლიკაციაშიც.

2011 წლიდან რელოციუსმა დაწერა 60 სტატია, რომლებიც  Spiegel-ში დაიბეჭდა. რეპორტიორის თქმით, სულ მცირე 14 სტატიაში მაინც სხვადასხვა ფორმით, ფაბრიკაციას მიმართავდა.

უფრო მეტიც, რელოციუსს არაერთგზის აქვს მიღებული ჯილდოები: ის CNN-ის ვერსიით არაერთხელ გახდა წლის ჟურნალისტი და ხშირად ხვდებოდა Forbes-ის რეიტინგშიც.  

Spiegel-ის ხელმძღვანელობა სპეციალური კომისიის შექმნას აპირებს, რომელიც შეისწავლის ჟურნალისტის სტატიებს ფაქტების ფალსიფიკაციის საფუძველზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე