დავით კირკიტაძეს ბრალი წარუდგინეს

საქართველო, თბილისი - 14:08 | 19.12.2018
ნანახია: 717

გაერთიანებული ოპოზიციის წევრ დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, დავით კირკიტაძეს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რასაც მისივე ინფორმაციით, კირკიტაძე არ აღიარებს და მშრალ შიმშილობას იწყებს.

მისი განცხადებით, ბრალდების შინაარსში წერია, რომ ინაუგურაციაზე უცხოელი და სხვა უამრავი სტუმრის გამო პოლიციის მიერ მიღებული იქნა ზომები და გადაკეტილი იყო კონკრეტული მაგისტრალი, რის გამოც მომიტინგეები და მათ შორის დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა პოლიციას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ავტობუსში მჯდომ კონკრეტულ პოლიციელს, მიაყენა ხელის და ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა. 

„ეს არის ბრალდების შინაარსი. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებებს მეორე დღეა ვითხოვ, მტკიცებულებები დღეს გადმომეცა და აქ ძირითადად არის პოლიციელების ჩვენებები და სიუჟეტი, რაც მასმედიაში გავრცელდა. დაზიანებაზე საუბარი არ არის, მხოლოდ შეურაცხყოფა და პოლიციელზე თავდასხმაა ნახსენები. ბუნებრივია, დავით კირკიტაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და მშრალ შიმშილობაზე გადადის“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის დააკავეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე