მართლმადიდებელი ეკლესია 19 დეკემბერის წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველო, თბილისი - 11:57 | 19.12.2018
ნანახია: 890

დღეს, 19 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმინდა ნიკოლოზი მთელი საქართველოს ეკლესიის მფარველად და მწყემსად მიიჩნევა.
წმინდა ნიკოლოზი მეოთხე საუკუნეში პათარში დაიბადა. სიყრმიდანვე საღმრთო წერილით იწვრთნებოდა. დღისით ტაძარში იყო, ღამით კი ლოცულობდა. წმინდა ნიკოლოზის ბიძამ, რომელიც პათარის ეპისკოპოსი იყო, იგი ჯერ მედავითნედ დადგინა, შემდეგ მღვდლად აკურთხა. მისი მღვდელმთავრად დადგინება მოგვიანებით მოხდა. ქალაქ მირონში, ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ, ახალი მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა, როდესაც ერთ-ერთ ეპისკოპოსს უფალი გამოეცხადა და უთხრა, ვინც ღამით ტაძარში პირველად შემოვა, ჩემი რჩეულიაო. წმინდა ნიკოლოზი ტაძარში ჩვეულებრივ ცისკრის ლოცვაზე მივიდა. სასწაულის მხილველმა ეპისკოპოსმა მღვდელმთავრების შორის ჩააყენა და სასწაულის შესახებ ყველას აცნობა. წმინდანი მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსად დაადგინეს. როდესაც იმპერატორმა დიოკლიტიანემ ქრისტიანების დევნა დაიწყო, მას არ შეშინებია და განაგრძნობდა ღვთის სიტყვის გავრცელებას ხალხში, რის გამოც საპყრობილეში ჩააგდეს. ქრისტიანების დევნა წმინდანთა სწორის კონსტანტინე დიდის ტახტზე ასვლის შემდეგ შეწყდა. მწყემსმთავარი კი საკუთარ სამწყსოს დაუბრუნდა. წმინდანმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღასრულა. მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე