ველისციხეში პოლიციელზე თავდასხმისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 09:58 | 19.12.2018
ნანახია: 644

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ დავით კირკიტაძესთან ერთად პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პოლიციელზე თავდასხმისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1986 წელს დაბადებული ვ.მ. გარდაბნის რაიონში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დგინდება, რომ ვ.მ. 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტების დროს “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთან – დავით კირკიტაძესთან ერთად თავს დაესხა სამინისტროს ავტობუსში მყოფ პოლიციელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, გრძელდება ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.

კირკიტაძე 16 დეკემბერს გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაში მონაწილეობდა.







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე